ყოველ შაბათს რადიო ობიექტივზე 13:20 თავად–აზნაურთა საკრებულო:"მამული, ენა, სარწმუნოება, მეფე" language:           

 

 



























 

“ ჩვენს ვინაობას ჩვენს ცხოვრებაში უსათუოდ გზა უნდა მიეცეს და ამაზედ თავად აზნაურთა კრებამ თავისი ხმა უნდა ამოიღოს, ხმა კანონიერი, დინჯი, დარბაისელი და მშვიდობიანი...”

ილია ჭავჭავაძე 1905წ.

 
სამეცნიერო კონფერენცია

“ბაგრატიონნი იცნობის“

2007წ. 27 ივლისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო რეზიდენციაში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია “ბაგრატიონნი იცნობის” რომელიც მიეძღვნა ევროპაში უძველეს ბაგრატიონთა დინასტიას. კონფერენცია ერთობლივად ჩაატარეს საქართველოს საპატრიარქომ, ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლების, თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულომ და მონარქისტულმა მოძრაობამ “სამეფო გვირგვინი”.
საღამოს საპატრიარქოს მხრიდან ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი,უწმინდესი და უნეტარესი ილია II, თიანეთის და ფშავ-ხევსურეთის მთავარ ეპისკოპოსი თადეოზი (იორამიშვილი), თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი, სხვა სასულიერო და საერო პირები. კონფერენციაზე მიწვეულნი იყვნენ სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები. კონფერენცია მიეძღნა ქართველი ერის მიერ ისტორიულად განვლილი გზის გახსენებასა და გაცნობიერებას, ბაგრატოვანთა და თავად-აზნაურთა მნიშვნელობას ჩვენი ერის ისტორიაში და ამ საკითხის აქტიურ განხილვას დღევანდელობაში.
საღამო გახსნა პროტოპრესვიტერმა გიორგი გამრეკელმა. მისასალმებელ სიტყვაში მამა გიორგიმ აღნიშნა: “ჩვენი ერი დღეს კვლავ გზის გასაყარზეა, კვლავ არჩევანის წინაშე დგას და თუ კი კარგად არ გავიზიარებთ განვლილ გზას, ჩვენი ქვეყნის წარსულსა და ვერ გავაცნობიერებთ დღევანდელობას სხვაგვარად წინსვლა არ გვექნება”. კონფერენციას უძღვნებოდა თავად-აზნაურთა საკრებულოს გამგეობის თავჯდომარე ია ბაგრატიონ-მუხრანელი.
საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლმა, პროფესორმა კოტე ჩოლოყაშვილმა გაიხსენა თავისი პირველი შეხვედრა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან აფხაზეთში და იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში ასეთი შეხვედრა კვლავაც შედგება.
საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარემ ია ბაგრატიონ-მუხრანელმა ისაუბრა მუხრანელ ბაგრატიონთა ბედზე XX საუკუნეში. კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ს ლოცვა კურთხევით თავად-აზნაურთა საკრებულოს განზრახული აქვს ვაკის პარკში, ბოლშევიკების მიერ 1923წ. ჩვენი სახელოვანი 15 მამულიშვილის დახვრეტის ადგილზე, წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესიის აგება, უკვე მზადაა პროექტიც, არსებობს შესაბამისი დადგენილებაც,მაგრამ საკითხის გადაწყვეტა ვერადავერ მოხერხდა თბილისის მერიაში. თავად-აზნაურთა საკრებულომ თხოვნით მიმართა კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ს, შუამდგომლობა გაუწიოს მათ ქალაქის ხელმძღვანელობასთან ამ საკითხის გადაწყვეტაში.
კონფერენციაზე წაიკითხეს მრავალი საინტერესო მოხსენება, მათ შორის აღსანიშნავია: აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის პროფესორის, შალვა გაბესკირიას მოხსენება – “ბაგრატოვანთა სამეფო გვარის წარმომავლობისათვის”. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის მოხსენება - “ბაგრატიონთა უწყვეტი მეფობა საქართველოში”, თბილისის სასულიერო აკადემიის ლექტორის, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის გოჩა გუგუშვილის მოხსენება: “წმინდა მეფე თამარის განღმრთობის საღვთისმეტყველო გააზრება”, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის ნიკო ჯავახიშვილის მოხსენება -“კავკასიური სიმბოლიკა საქართველოს სამეფოს გერბზე” და სხვა. კონფერენციის მასალები კრებულის სახით გამოიცემა.
მარიამ ბატონიშვილის მეექვსე თაობის წარმომადგენლებმა – ქეთევან, ნინო, ირაკლიმ და რევაზ ავალიშვილებმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საჩუქრად გადასცეს ოჯახის უდიდესი რელიქვია-მარიამ ბატონიშვილის სამკერდე ჯვარი. ჯვარი ქალბატონმა ქეთევან ავალიშვილმა გადასცა უწმინდესსა და უნეტარესს ილია II. მარიამ ბატონიშვილის ჯვარს ადგილი მიეჩინება ყოვლად წმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის მუზეუმის ექსპოზიციაში.
კონფერენციის მონაწილეებს კათოლიკოს პატრიარქი მსუბუქი ვახშმით გაუმასპინძლდა. საღამო დაამშვენა პოეტმა თინათინ მღვდლიაშვილმა, რომელმაც წაიკითხა თავისი ლექსები სამშობლოზე; საღამოზე იგალობა საპატრიარქოს საკვირაო სკოლის ხელმძღვანელის ლია სალაყაიას მგალობელთა გუნდმა.
ახალგაზრდა ჩოხოსანმა რიჩარდ ნიჟარაძემ უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს სთხოვა ლოცვა კურთხევა, რომ ყოვლად წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში თავად-აზნაურობას ნება დაერთოს, წარდგეს სამეფო ამალითა და დროშებით.
შეხვედრის დასასრულს შეკრებილ საზოგადოებას მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა,უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ;
“ბატონიშვილებო, ქალბატონებო და ბატონებო!
დღეს არის ნამდვილად ისტორიული დღე. ჩვენი შეკრება შედგა სვეტიცხოველში, სადაც ყველა მეფეს, დედოფალს, კათოლიკოს-პატრიარქს მუხლი მოუყრია, ულოცია საქართველოს მშვიდობისა და კეთილდრეობისათვის. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიზიარეთ ის, რომ მთელი ჩვენი წარსული, ჩვენი კულტურა, ჩვენი სულიერება ეფუძნებოდა ბაგრატიონთა გვარს, ბაგრატოვანნი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ საქართველო გაბრწყინებულიყო, ეს არ არის უბრალო საქმე, ბაგრატიონთა წარმომადგენლები იყვნენ ერის სათავეში სულიერადაც. თქვენ ბრძანებთ ქალბატონო ია, რომ ბაგრატიონთა გვარი ტრაგიკული გვარია. პირველობა საერთოდ ტრაგიკულია. ვინც არის პირველი, ის ხდება სამიზნე, მაგრამ მაინც ბედნიერია ბაგრატოვანთა გვარი და მე ვფიქრობ, რომ ლოცვა კურთხევა დავითისა და სოლომონისა დღემდე მოსდგამს თქვენს გვარს. ბაგრატიონთა გვარი იყო და არის კლდე, რომელსაც ეყრდნობა ჩვენი წარსული და რომელსაც უნდა დაეყრდნოს ჩვენი მომავალი. თქვენ იცით, მაცხოვარმა პეტრეს უწოდა კლდე და ამიტომ მე მინდა სწორედ პეტრე მოციქულის ვერცხლის ხატი მოგართვათ.
რაც შეეხება მომავალს, მომავალი ღვთის ხელშია და მე იმედი მაქვს, რომ ბაგრატიონთა გვარი კვლავ იმეფებს საქართველოში. დალოცვილი და გახარებული იყავით თქვენ და სრულიად საქართველო. მინდა დავლოცო და მადლობა მოვახსენოიმ ოჯახს, რომელმაც გადმოგვცა მარიამ ბატონიშვილის ეს ძვირფასი ჯვარი”
2007წ. საპატრიარქოს უწყებანი

მტკიცედ უფროის კლდეთა მყართა...
ბაგრატიონებმა უკვე ანტიკურ და ადრეფეოდალურ ხანაში სახელი მოიხვეჭეს, როგორც ბრძენმა პოლიტიკოსებმა, მხედარმთავრებმა, მართლმადიდებლობის დამცველებმა, მეცნიერებმა, პოეტებმა, წმინდანებმა...
“არა მოაკლდეს მთავრობა შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა ქვეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროის კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე...” ასე მიმართავს გრიგოლ ხანძთელი აშოტ კურაპალატს - დიდ სტრატეგს, შორსმჭვრეტელ დიპლომატს, პირველ წმინდანს ამ სახელოვანი გვარიდან.
“მტკიცედ უფროის კლდეთა მყართა...” იდგნენ ბაგრატიონები ქვეყნის, რწმენის, ქართველობის დასაცავად “ნიკოფსიიდან დარუბანდამდე”.
ბაგრატიონთა ფენომენი დღესაც არ არის ჯეროვნად შესწავლილი. ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლების, თავად – აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს, მოძრაობა “სამეფო გვირგვინის”-ს, ნიკო ბაგრატიონის კავშირის წევრებს მიგვაჩნია, რომ ბაგრატიონთა დინასტიის აღზევება საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის სახით მხოლოდ კარგს მოუტანს ქვეყანას, ერსა და ბერს.
ქართული მონარქიზმის თავისებურებანია- რწმენის სიმტკიცე, თავგანწირვა, ეროვნული და სახელმწიფოებრივი კონცეფციის შედუღაბება ეროვნულ იდეოლოგიასთან. ამიტომ ამკვიდრებდა გრიგოლ ხანძთელი ფრიად მნიშვნელოვან აზრს:
“ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების, რომელსაც შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების... მის მიერ იყო ბეჭედდასმული ბაგრატოვანთა “უფლის მიერ შვილად ცნობა”. რაც მათი რჩეულობისა და თავგანწირვის გვაროვნულ ნიშნებს ახასიათებდა. ბაგრატიონების ხუროთმოძღვრების ჰიმნოგრაფიის განმტკიცების საქმეში ბევრი რამ დაიწერა. 1990 წლიდან ქართული მონარქიზმის საკითხებს ჩვენ მივუძღვენით რამდენიმე სამეცნიერო კონფერენცია, შეხვედრა-სესია. ჩვენი წევრები ცნობილი მეცნიერები, მღვდელთმთავრები და ახალგაზრდობა მონარქიის პრიორიტეტებს ამტკიცებდნენ, ვფიქრობ მომავალი მეფე გაეერთიანებს ქვეყანას, შეკრავს ერს, ქართულ ტრადიციებს და ღირსებას აღადგენს.
კოტე ჩოლოყაშვილი, საქართველოს ისტორიულ
საგვარეულოთა შთამომავლების,
თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს
წინამძღოლი.

”მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად... “
საქართველოში ჩვენი წელთაღრიცხვის პირველივე საუკუნეებში მართლმადიდებლობა და მონარქია შედუღაბდა ქართველთა სულიერ მრწამსთან, რაც გენიალურად გამოვლინდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ხუროთმოძღვრებაში, ხატწერაში, ილია მართლის უკვდავ თქმაში: “მამული, ენა, სარწნუნოება...”
სრულიად საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს, “სამეფო გვირგვინი”-ს წევრები, ნიკო ბაგრატიონის სახელობის გიმნაზია-ლიცეუმის პედაგოგები, ლიცეანტები ქვეყნისა მორწმუნე მრევლთან ერთად ვიზიარებთ ღირსი მამა თეოდორე სტუდიელის აზრს ორი უმაღლესი ნიჭის – მღვდლობისა და მეფობის ღვთაებრივ შერწყმაზე, რომელთა მეშვეობით “მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად”.
მხოლოდ ამ ურღვევი სულიერი კავშირის გამო იყო უძლეველი საქართველო. შემთხვევითი როდია, რომ მტერი ყოველთვის თანაბრად ებრძოდა მეფობას, მღვდლობას, მართლმადიდებლობას, რომელიც აძლიერებდა და კრავდა ერს, ანგრევდა, ანადგურებდა ტაძრებს, სპობდა, იპარავდა სიწმინდეებს, ხატებს, სულიერ საგანძურს.
უდიდესია სამეფო დინასტიის ყველა წარმომადგენლის, თავად-აზნაურობის,სამღვდელოების,მთელი ერის ღვაწლი სამონასტრო-საეკლესიო მშენებლობასთან ერთად უნიკალური ხატების შექმნაში, სიწმინდეების დაცვაში.
1801 წლიდან რუსეთის იმპერიამ ერთ-ერთი უძველესი სამეფო დინასტიის განადგურება, მართლმადიდებლური კერების მოსპობა დაიწყო, მონასტრების, ეკლესიების, წიგნსაცავების, რომლებიც ინახავდნენ საქართველოს განძს, სულიერებას, ფოლიანტებს, წმინდანთა ნაწილებს,სასწაულმოქმედ ჯვრებს, ხატებს, ფრესკებს...
ნიშანდობლივია, რომ პირველ რიგში განადგურდა სამეფო ინსიგნიები, ნივთები, რომლებსაც საკრალური მნიშვნელობა ჰქონდათ-ტახტი, კვერთხი, გვირგვინი...
მეფე გააერთიანებს სრულიად საქართველოს,შეკრებს დაკარგულ ისტორიულ პროვინციებს, გააძლიერებს ქვეყანას, რომელიც ყოველთვის კავკასიის ღერძს წარმოადგენდა. მონარქს, რომელიც ერის სინდისის,გენეტიკური კოდის, ტრადიციის, მართლმადიდებლობის გვირგვინი ექნება, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს –პატრიარქს ილია II, სამღვდელოებას, სიწმინდეების ღვთაებრივი ძალის გამოყენებით, ძალუძთ აღადგინონ ჩვენს სამშობლოში კავშირი ღვთიურისა და ადამიანურის – ბაგრატოვანთა უძველესი დინასტია.
მომავალი მეფე - ერის ისტორიული და გენეტიკური კავშირის გამომხატველი წარსულისა და მომავლის დამაკავშირებელი, მთლიანობის და სტაბილურობის, ზნეობის და სიმტკიცის გარანტი იქნება. ჩვენი სახელოვანი წინაპრების დარად, მეფე, ერი და ბერი რწმენით, სასოებით, იმედით ღრმად გაითავისებენ ძველ ჭეშმარიტებას: “გვირგვინში შერწყმულია ქვეყნის დიდება და პირადული გმირობა, კვერთხში – ქვეყნის სიმშვიდე და მეფის ურვა, პორფირში - ერის ზღუდე და მეფის ლაშქარი, სამეფო რეგალიებში - ერის ნუგეში და მეფის ტვირთი...”
ია ბაგრატიონ-მუხრანელი, სრულიად საქართველოს
საგვარეულოთა შთამომავლების,
თავად აზნაურთა და მათ თანამდგომთა
საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარე,
“სამეფო გვირგვინი”-ს მეურვე.

სრულიად საქართველოს გერბისა და ჰიმნის თაობაზედ
ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლების, თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს დაარსების დღიდან (1990წ.23 ნოემბერი) მონარქისტული იდეოლოგიის, ტრადიციული ინსტიტუტების, ზნეობის, ეროვნული იდეალების, მართლმადიდებლობის პროპაგანდას ემსახურებოდა. 2003 წ. 6 მაისს (გიორგობას) თავად-აზნაურთა საკრებულოში იშვა პოლიტიკური მოძრაობა “სამეფო გვირგვინი”, რომლის იდეოლოგია ეფუძნება 4 ძვირფას დეფინიციას: “მამული, ენა, სარწმუნოება, მეფე”. ჩვენს საერთო სიმბოლიკაშიც გამოყენებულია ბაგრატოვანთა ინსიგნიები.
2003 წ 21 ნოემბრის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, თავად-აზნაურთა საკრებულოს და “სამეფო გვირგვინი”-ს წევრებმა მხარი დავუჭირეთ ნაციონალურ მოძრობას. დიდი სიხარულით მივიღეთ, ჯვრიანი დროშის შემოღება სახელმწიფოში, ბაგრატოვანთა სიმბოლიკის გამოყენება საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკაში.
ამავდროულად, ჩვენ მრავალი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ, ჰერალდიკოსების, ისტორიკოსების აზრის გათვალისწინებით უფლებამოსილები ვართ განვაცხადოთ:
ბაგრატოვანთა ღერბზე განთავსებული გამოსახულებები იყოფა სამ შიინაარსობრივ ჯგუფებად:
1. სახელმწიფო ინსიგნიები;
2. საგვარეულო სიმბოლოები;
3. ქვეყნისა და ტერიტორიული მთლიანობის გამოსახულებანი,
ჩვენი თვალსაზრისით, ამჟამად მისაღებია პირველი ჯგუფის ინსიგნიების გამოყენება მხოლოდ საპრეზიდენტო ღერბზე და შტანდარტზე.
მეორე ჯგუფის სიმბოლიკა მხოლოდ გვარის საკუთრებაა, ამ საკრალური სიმბოლიკის გამოყნებამ მომავალში, შესაძლოა წარმოქმნას უხერხულობა. ჩვენი საერთო აზრით, ღერბში პირველ რიგში გამოყენებული უნდა იყოს ტერიტორიული ერთიანობის აღმნიშვნელი ინსიგნიები.
ვფიქრობთ, რომ შემოთავაზებული ვარიანტი ნაუცბათევია, მომზადდა ჩვენი და საზოგადოების, სპეციალისტების აზრის გაუთვალისწინებლად, არა პროფესიულად, შეიცავს მრავალ ჰერალდიკულ და ისტორიულ ხარვეზს. ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ ეროვნულ ჰიმნად “მრავალჟამიერს” და ღერბის ჩვენ მიერ გააზრებულ ვარიანტს, რომელიც ღირსეულად წარმოაჩენს სრულიად საქართველოს.
ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლების,
თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულო,
მოძრაობა “სამეფო გვირგვინი”

ჩვენ ვფიქრობთ, ვმსჯელობთ, ვიბრძვით...

საქართველოს პრეზიდენტს - ბ-ნ მიხეილ სააკაშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს – ქ-ნ ნინო ბურჯანაძეს

გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში - ქ-ნ ჰაიდნი ტალიავინს

ჩვენ, საქართველოს ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლების, თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულო, ნიკო ბაგრატიონის კავშირის და მონარქისტული მოძრაობა - “სამეფო გვირგვინი”-ს წევრები, მტკიცე პროტესტს გამოვთქვამთ საქართველოს შიდა თუ გარე მტრების, მათ შორის ზოგიერთი ქართველი რენეგატის მცდელობის გამო, თავს მოგვახვიონ საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის საბოლოოდ მომშლელი, სახელმწიფო მოწყობის ახალი – ფედერაციული სისტემა.
ამასთან დაკავშირებით, აუცილებლად მიგვაჩნია ავღნიშნოთ შემდეგი:
1. ისტორიულად, გარეშე იმპერიული ძალები ყოველთვის ცდილობდნენ მოეშალათ საქართველოს ერთიანი სახელმწიფოებრიობა, კუთხე-კუთხეებად დაექუცმაცებინათ ქვეყანა და ამის საფუძველზე გაეიოლებინათ ძირძველი ქართული მიწების მიტაცება;
2. მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი გრადაციების ნგრევამ, ქართველი ერის ნელ-ნელა გადაგვარებისა და განადგურების ტრაგიკულმა რიალიებმა, განსაკუთრებული სისასტიკით იჩინა თავი 1801 წლიდან – საქართველოს პირველი ანექსიიდან, როდესაც რუსეთმა დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატის ყველა რესკრიპტი, გააუქმა ქართული სამეფო და უძველესი ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, ფიზიკურად გაანადგურა ბაგრატოვანთა სამეფო დინასტია და ქვეყანა დაჰყო ორ გუბერნიად. იმავდროულად რუსეთი შეუდგა საქართველოსგან სოჭის რეგიონის, საინგილოს, ალავერდის, ტაო-კლარჯეთის, აფხაზეთის, შიდა ქართლის, ჯავახეთისა და სხვა ძირძველი ქართული ტერიტორიების მოწყვეტის გეგმების განხორციელებას;
3. რუსეთის იმპერიული ამბიციები კავკასიაში და კერძოდ,საქართველოში, განსაკუთრებით მაღალ საფეხურზე იქნა აყვანილი 1921 წლიდან-საქართველოს მეორე ანექსიიდან, რომელიც “წითელი ურდოები”, სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევით, ქვეყანას შემოესივნენ და საქართველოში გაბატონდნენ. მათ ძალის გამოყენებით დაამხვეს დემოკრატიული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება. სისხლიანი ტერორი მოუწყვეს ქართველ თავადაზნაურთა შთამომავლებს, სამღვდელოებას და ქვეყნის რჩეულ მოღვაწეებს. საბჭოთა რუსეთმა ქართველი ხალხის ნების გარეშე, საქართველოში შექმნა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი-აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკები და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. 1921 წლიდან მოყოლებული, რუსეთი გეგმაზომიერად ახორციელებდა საქართველოში უცხო ტომთა ჩამოსახლება დამკვიდრებას და მათზე მიწების გაცემას ქართული ეთნოსის შევიწროების ხარჯზე;
4. საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის შეთქმულების ერთ-ერთი ბოლო დამანგრეველი ნაწილი განხორციელდა 1991-92წ.წ დეკემბერ-იანვარში, როდესაც მათი ხელშეწყობით, “დემოკრატიის” ნიღბით და სსრკ –ს ემირის ედუარდ შევარდნაძის ფარული ძალისხმევით, დამხობილი და გაძევებული იქნა საქართველოს ეროვნული ხელისუფლება. ამ სისხლიანი, მესამე ეტაპის განხორციელების რუსული გეგმის შედეგად მივიღეთ მკვიდრი ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდა აფხაზეთში, შემდეგ შიდა ქართლში, ათიათასობით ქართველის მოწამებრივი სიკვდილი, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გამოდევნილი 300 000 ქართველი, აფხაზების და ცხინვალის რეგიონის საქართველოს სახელმწიფოებრივი სივრციდან მოწყვეტა, ქვეყნის დაქუცმაცება, უკანონობა...
ქვეყნის გარედან თავმოხვეული გეგმა - საქართველოს ფედერაციულ სახელმწიფოდ გარდაქმნის შესახებ, ლოგიკურად ასრულებს საქართველოს დამოუკიდებლობის წინაარმდეგ მიმართულ რუსეთის შეთქმულების ბოლო ეტაპს.
ჩვენ, ისტორიულ-საგვარეულოთა შთამომავლები, ვგმობთ რა საქართველოს განადგურების-ფედერალურად მოწყობის მზაკვრულ გეგმას, ამასთანავე მოვითხოვთ:
1. საბჭოთა პერიოდში საქართველოს დენაციონალიზაციის მიზნით შექმნილი უკანონო ავტონომიური რესპუბლიკებისა და ოლქის გაუქმებას.
2. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ხელშეწყობითა და წაქეზებით სეპარატისტული ხელისუფლების მიერ ჩატარებული ქართველთა ეთნოწმენდის ფაქტების შეფასებას, საომარი მოქმედებების ინსპირატორთა და ორგანიზატორთა გამოვლენასა და დასჯას;
3. დევნილთა და ლტოლვილთა უპირობო დაბრუნებას თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში;
4. საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანას და ე.წ. “მშვიდობისმყოფელების” გაყვანას;
5. საქართველოს ერთიანი იურისდიქციის აღდგენას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
საქართველოს ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლების, თავად -აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს, ნიკო ბაგრატიონის საზოგადოების და მონარქისტული მოძრაობა “სამეფო გვირგვინი”-ს სახელით:
კოტე ჩოლოყაშვილი, ია ბაგრატიონ-მუხრანელი, პაატა ჩიქოვანი, ელენე
აბაშიძე, იგორ ჩხეიძე, გიორგი ჯაყელი, ლეილა მირიანაშვილი,
ეთერ მგალობლიშვილი, სერგი საჯაია, თეიმურაზ მიბჩუანი,
ზურაბ რატიანი, ზაზა ჩიქოვანი, დარეჯან ბრეგვაძე,
მანუჩარ თუმანიშვილი და სხვ.

საქართველოს გენერალურ პროკურორს ბატონ ზურაბ ადეიშვილს
მოგმართავთ ბაგრატიონ-მუხრანელების, საქართველოს ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლების, თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს წევრთა სახელით მუხრანის ისტორიული ძეგლების, უკანონო გარიგებების, მიწების და ნაგებობების გაყიდვა-მითვისების თაობაზედ. სოფელი მუხრანი-შიდა ქართლის გულია,უძველესი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაა. 1510წ. მუხრანის ველი, სოფელი მუხრანი მიწებით თბილისამდე, მეფე დავით X–მ გადასცა ძმას ბაგრატს. ასე დამკვიდრდა ბაგრატიონ –მუხრანელების შტო, გაძლიერდა ქვეყნის მეწინავე სადროშო.
ბაგრატიონ-მუხრანელები – წმინდანები, მხედართმთავრები, მეფეები, პოლიტიკოსები, მეცნიერები-ქეთევან წამებული, ვახტანგ VI-ე, ვახუშტი ბატონიშვილი, პეტრე ბაგრატიონი, ივანე ბაგრატიონი, ნიკო ბაგრატიონი და მრავალი სხვა, ბრწყინვალე ფურცლები ჩაწერეს საქართველოს მატიანეში. 1921 წლიდან მუხრანს ილიას მკვლელი – გიგლა ბერბიჭაშვილი დაეპატრონა. Bბაგრატიონების და მთელი ერის ისტორიული კუთვნილება გაიძარცვა და განადგურდა, კარის ეკლესიები ჯართის საწყობებად გადააკეთეს. 1930-იან წლებში ნიკო ბაგრატიონის სასახლე გადაეცა განათლების სამინისტროს, ხოლო ივანე და კონსტანტინეს სასახლე - სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ბალანსზე ირიცხებოდა უნიკალური ტყე-პარკით და ნაგებობებით.
1998-1990წწ. მრავალი სამთავრობო ინსტანციების შემოვლის, პრესაში კრიტიკული წერილების გამოქვეყნების შედეგად დაისვა საკითხი მუხრანის ძეგლების აღდგენა-რესტავრაციის თაობაზე. გამოყოფილი იყო 500 000 რუსული რუბლი. სამუშაოების ჩატარება დაევალა ძეგლთა დაცვის სამმართველოს ი.ციციშვილის ხელმძღვანელობით. პირველი ეტაპის სამუშაოების ჩატარების შემდეგ (საძირკველის გამაგრება, სახურავის ახდა...) საქმე კვლავ შეჩერდა. 1992 წლიდან მუხრანში “მხედრიონი” თარეშობდა, გეგმიურად ნადგურდებოდა ფეოდალური ხანის ისტორიული კომპლექსი.
2004 წ. ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლების, თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოში მუხრანელების საჩივარი შემოვიდა მუხრანის სასახლეების განადგურების თაობაზე.
მუხრანის ძეგლების სავალალო მდგომარეობის შესწავლის შემდეგ რამდენჯერმე მივმართეთ სასოფლო-სამეურნეო აკადემიის რექტორს ბატონ ნ.ქარქაშაძეს, ჩვენს საუბარს დაესწრნენ მისი პრორექტორები: გ.ჭკადუა, გ.ურუშაძე და სხვანი. ჩემი თხოვნა მუხრანის ძეგლების და მიწების გასხვისების დოკუმენტაციის გასაცნობად დაპირების მიუხედავად არ დაკმაყოფილდა. Mმრავალგზის შეხსენების შემდეგ მივმართეთ მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ ბეჟან ლორთქიფანიძეს, მიწის მართვის სამმართველოს უფროსს კ.ირიაულს. მათი დახმარებით გავეცანით ნ.ქარქაშაძის ხელმძღვანელობით შეთხზულ და გაცემულ დოკუმენტებს ე.შევარდნაძის რეჟიმის პერიოდში-2001 წლიდან საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ნ.ქარქაშაძემ სასწავლო საცდელი ბაზა “მუხრანის” დირექტორმა ი.ჩხეიძემ, შპს “სატურნი”-ს დირექტორმა ზ.საყვარელიძემ 2002 წლის 13.06. არენდის გასხვისების (ღვინის ქარხანა,მარანი) ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმადაც უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული მუხრან-ბატონების სასახლე და მისი ინფრასტრუქტურის ნაგებობები, ხელოვნური პარკით, სტადიონით გადასცეს შპს “მუხრანის ველს”.
ტენდერის გარეშე, ფარულ და უკანონო გარიგებაში საქართველოს კანონმდებლობის მრავალი ასპექტი იყო უგულებელყოფილი: კანონი “საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის სახელმწიფო ქონების შესახებ”, ძეგლთა დაცვის შესახებ, საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და სოციალური დაცვის შესახებ, შეთანხმება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის.
გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი პოზიცია მუხრანის ძეგლების სავალალო მდგომარეობის გამო, შეამოწმოთ და გააუქმოთ უკანონო გარიგებანი და ყალბი დოკუმენტაცია, რომელიც ნ.ქარქაშაძის ხელდასმით შესრულდა მუხრანში.
უძველესი კულტურის ძეგლები როდია უზნეო საქმიანობის სფერო!
ირინა,მიხეილ, ალექსანდრე, რუსუდან,
ირაკლი, მანანა, თინათინ, ნიკოლოზ
ბაგრატიონ-მუხრანელების სახელით
ია ბაგრატიონ-მუხრანელი.

საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს

პარლამენტის თავმჯდომარეს ქალბატონ - ნინო ბურჯანაძეს

იუსტიციის მინისტრს ბატონ - კოტე კემულარიას

ადამიანთა გვარ-სახელები ისტორიული სიღრმიდან იღებენ სათავეს. ისტორიული ონომასტიკა დაკავშირებულია ისტორიულ ლინგვისტიკასთან, კულტურულ ისტორიულ მეცნიერებასთან, რომელიც ინდივიდთა წარმოშობას ასახავს. გვართა წარმოშობის პროცესი-ისტორიულ და სოციალურად კოდირებული ინფორმაციის სინთეზსს წარმოადგენს. ეროვნული ანთროპონიმები შეიცავენ საზოგადოებრივი ფორმაციის კულტურულ-ისტორიულ ასპექტს, ფართო ცნობებს საზოგადოების ეკონომიკურ-კულტურული განვითარების, ეთნოგრაფიის, დემოგრაფიის, სოციალური ორგანიზაციის, ზნეობის შესახებ.
ქართული გვარ-სახელების წარმოშობა–გაფორმება ადრეფეოდალურ ეპოქას განეკუთვნება. გვარის წევრად ითვლებოდა პიროვნება, რომელიც საგვარეულო სახელს ატარებდა. სახელები ადასტურებდა ადამიანის კუთვნილებას გარკვეული გვარის მიმართ, ამტკიცებდა მის საზოგადოებრივ მდგომარეობას, აჩვენებდა ოჯახის საგვარეულო ადგილს და დამსახურებას ქვეყნის წინაშე. საგვარეულო ისტორიები-ქვეყნის ისტორიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.
საქართველოში 25 000–ზე მეტი გვარი არსებობს. მათ შორის 100-ზე მეტია მეფეთა, მთავართა, თავადთა... ქვეყნის ავბედობის ჟამს ზოგი ქართული გვარი მთლიანად განადგურდა, ზოგი თავადი რუსეთის იმპერიაში ან სსრკ-ს საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკებში მოისპო.
ქართულ გვარ-სახელებს მოვლა-პატრონობა სჭირდება, რამეთუ ჩვენი ქვეყნის კულტურულ საუნჯეს წარმოადგენს. ისინი ასახავენ მრავალსაუკუნოვან წეს-ჩვეულებებს, საზოგადოებრივი განვითარების სრულ და თვითმყოფად გზას. Gგვარი სისხლით ნათესავთა ჯგუფს, შთამომავლობით გარდამავალ სახელწოდებასაც და საზოგადოებრივი განვითარების სოციალურ და კულტურულ მოვლენასაც წარმოადგენს. ჩვენი ანთროპონომიის მნიშვნელოვანი ნაწილია ქართული გვარ-სახელები. გვარში აისახა ისტორია, ერის გენეზისი, ქართველი კაცის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა ენის, ქრისტიანობის, სახელმწიფოებრიობის დასაცავად.
გვარ-სახელები ერის სულიერი და ზნეობრივი ცხოვრების უტყუარი ძეგლია, ქვეყნის საკრალური საუნჯეა.
ამ ჭეშმარიტებას სამწუხაროდ, მავანი უარყოფს, ცდილობს დააკნინოს გვარის მნიშვნელობა. ჩვენთვის ცნობილი არის, რომ საქართველოს პარლამენტში იუსტიციის სამინისტროდან შემოვიდა კანონ-პროექტი “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ”. საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ და “საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის მოწმობებისა და საქართველოს მოქალაქეთა მოწმობის გაცემის წესის შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ”, რომლის მიღების შემთხვევაში ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ქართული ისტორიული გვარის აღების უფლება ექნება.
ეს კანონ-პროექტი ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის მრავალ მუხლს, კონსტიტუციის მნიშვნელოვან განსაზღვრებას, რომელიც გვარს ეხება და დამცავ მექანიზმს გვარ-სახელების შეცვლასთან დაკავშირებით. პროექტში იგნორირებულია პიროვნების, ადამიანის უფლება: “სახელი არის პირადი, არაქონებრივი უფლება”, “ყოველ ფიზიკურ პირს აქვს სახელის უფლება, რაც მოიცავს სახელს და გვარს...” (სამოქალაქო კოდექსის მე-17 მუხლი, მე-18 მ.I ნაწილი), გვარი კი ერის ქვეყნის კუთვნილებაა. გარდა ამისა სამოქალაქო კოდექსი აკონკრეტებს: “ვისაც სახელის უფლებას შეეცილებიან, ან ვისი ინტერესებიც ილახება, მისი სახელის უნებართვოდ სარგებლობით, მას უფლება აქვს ხელმყოფს მოსთხოვოს მოქმედების შეწყვეტა ან უარის თქმა მასზე” მე-18 მუხლი I ნაწილი.
ჩვენ ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლების, თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულომ, სრულიად საქართველოს მამულიშვილთა საგვარეულო კავშირმა “გვარიშვილობა”–მ მონარქისტულმა მოძრაობამ “სამეფო გვირგვინმა”, სახალხო ფრონტმა, ეროვნული სათათბიროს მრავალათასიანმა ერთობამ, ამ საკითხისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე (თებერვალი) დავგმეთ ეს კანონპროექტი და მოვითხოვეთ:
1.ქართული გვარ-სახელები ერის კუთვნილებაა, მისი სულიერი საუნჯის ნაწილია, რომელსაც დაცვა, მოვლა-პატრონობა და გაფრთხილება სჭირდება.
2. გვარი, ენასთან, ისტორიასთან, კულტურასთან არის შედუღაბებული, წარმოადგენს ერის, ქვეყნის, ისტორიის განუყოფელ ნაწილს. გვარის აღება შესაძლებელია მხოლოდ გვაროვნული იდენდიფიკაციის დადასტურების, ყველა დამცავი პოსტულატის შესრულების შემთხვევაში.
3. ქართული გვარ-სახელების მატარებელი უნდა იყოს ძირძველი ქართული ეთნოსის წარმომადგენელი, ცოცხალი რგოლი საკრალურ ჯაჭვში წარსულიდან აწმყოში და აწმყოდან მომავალში.
კოტე ჩოლოყაშვილი, ია ბაგრატიონ-მუხრანელი,
ნოდარ ნათაძე, იგორ ჩხეიძე, იაკობ ახუაშვილი,
იური ჩიქოვანი, ზაზა ჩიქოვანი,
გულიკო ურუშაძე,ზურაბ რატიანი,
ლეილა მირიანაშვილი, თენგიზ ჩხეიძე,
პაატა ქურდოვანიძე, ლილი ნუცუბიძე.

საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს

პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს

მოგმართვთ რწმენით და იმედით, საქართველოს მატიანეში ქართველთა თავგანწირვა,ერისადმი სიყვარული ჩაწერილია, როგორც მაგალითი მომავალი თაობებისათვის. ამ ღვთაებრივ და ამაღლებულ საუნჯეში, ქვეყნის ისტორიაში, მრავალი ფურცელი ეძღვნება ბაგრატიონების, დადიანების, წერეთლების, ჭავჭავაძეების და სხვათა-თავადთა, აზნაურთა, ერისკაცთა დიდი წვლილის ასახვას. ამ ბრწყინვალე გვარების წარმომადგენლების მიერ ქრისტიანული მრწამსის და ეროვნული მსოფლმხედველობის შედეგად ძლიერდებოდა ქვეყანა, იგებოდა მრავალი ციხე –სიმაგრე, ქალაქი თუ კულტურულ საგანმანათლებლო, მეცნიერული ცენტრი, აშენდა მრავალი სოფელი და ტაძარი... ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილი ნივთიერი თუ სულიერი საგანძური მთელ ერს ეკუთვნოდა და ეკუთვნის. არავის არ აქვს უფლება ხალხის ნების გარეშე შეეხოს ამ საუნჯეს, ზიანი მიაყენოს საგვარეულო სასახლეებს, მონასტრებს, პარკებს, მუზეუმებს...
რუსეთის იმპერიის 200 წლოვანმა ანტიქართულმა იდეოლოგიამ, შემდგომში კი კომუნისტურმა რეჟიმმა გაანადგურა ქართული ისტორიული ძეგლები, გაძარცვა საქართველოს ეკლესიები, დღესაც გეგმიურად სპობენ ბაგრატიონ-მუხრანელების სასახლეს-მუხრანში, ამილახვრების-ახალგორში, დადიანების-ზუგდიდში, ჭავჭავაძეების-წინანდალში...
ჭავჭავაძეთა გვარი ერთ-ერთი ბრწყინვალე და წარჩინებულია ქართველ მამულიშვილთა შორის. ქართული რომანტიზმის ფუძემდებელმა, დიდმა საზოგადო მოღვაწემ, მამაცმა მხედართმთავარმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ კახეთის გულში-წინანდალში - უნიკალური სამყარო შექმნა. წინანდალში ბუნების სილამაზე ჰარმონიულად იყო შერწყმული ქართულ არქიტექტურასთან, აქ დაარსდა კულტურის, მუსიკის, პოეზიის, ეროვნული სულისკვეთების ზოგადქართული ცენტრი, უნიკალური პარკით, ბიბლიოთეკით, მარნებით...
კახეთის თვალი წინანდალი მრავალი თაობის აღმზრდელი და სულიერი ნიშან-სვეტი იყო. ქართული ისორიისა და კულტურის ამ შესანიშნავი ძეგლის გაყიდვა ან იჯარით გადაცემა ანტი ეროვნულ ქმედებად მიგვაჩნია. ჩვენ, ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლების, თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს, მოძრაობა “სამეფო გვირგვინი”-ს წევრები ვგმობთ გადაწყვეტილებას, რომელიც ლახავს ქართველი ერის ინტერესებს, რაც გამოიხატება ფასდაუდებელი განძის-ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის, პარკის, ღვინის ქარხნის, მარნების, ეკლესიის გასხვისებაში. წინანდალი ქართველი ერისაგან და მთავრობისაგან შველას ითხოვს.
ია ბაგრატიონ-მუხრანელი, კოტე ჩოლოყაშვილი,
ზაზა ჩიქოვანი, ელენე აბაშიძე, ლეილა მირიანაშვილი,
ნიკოლოზ ამირეჯიბი, მედეა აბაშიძე და მრავალი სხვა.

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს საკვირაო ქადაგებიდან, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრიდან

7 ოქტომბერი 2007წ.
“ ... დღეს მსჯელობა მიდის, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო, ვისი მეგობარი უნდა გახდეს ან ვისთან უნდა იყოს დაახლოებული. ამასთან ძალიან ხშირად სხვა ქვეყნები გვკარნახობენ თუ რა უნდა ვაკეთოთ. ზოგი გვეუბნება, რომ საქართველო უნდა იყოს საპრეზიდენტო ქვეყანა, ზოგი ამბობს, რომ არა, სჯობს, საქართველო საპარლამენტო ქვეყანა გახდესო და ა.შ. ეს სხვების გადასაწყვეტი არ არის, ეს ჩვენი გადასაწყვეტია, ეს არის ქართველი ერის და საქართველოში მცხოვრები ხალხის გადასაწყვეტი.
თქვენ გახსოვთ 1801 წელს შეწყდა ბაგრატიონთა დინასტიის მეფობა საქართველოში და აქედან მოყოლებული ქართველი ხალხის ოცნება იყო აღედგინა ეს უძველესი, ღვთივკურთხეული დინასტია. დღეს ჩვენ ქვეყანაში ზოგიერთი გამოთქვამს ისეთ აზრს, რომ საქართველოში უნდა დამყარდეს კონსტიტუციური მონარქია, განგიმარტავთ თუ რას ნიშნავს ეს: ეს ნიშნავს იმას, რომ მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. მეფე არის გარანტი ქვეყნის მთლიანობისა და ყოველი ადამიანის დაცვისა; და შეიძლება მომავალში ქართველმა ხალხმა ამის შესახებაც იფიქროს.
როდესაც კონსტიტუციურ მონარქიაზე ვსაუბრობთ, მსგავსი ქვეყნების მაგალითებზე ვხედავთ, რომ მათ სტაბილური სახელმწიფოები აქვთ, მაგალითისთვის, გავიხსენოთ თუნდაც დიდი ბრიტანეთი ან ესპანეთი.
კონსტიტუციური მონარქიის პირობებში, თუ კი ქვეყანაში კრიტიკული ვითარება შეიქმნა, მეფე ძალაუფლებას თავის ხელში იღებს და ქვეყანაში მშვიდობას ამყარებს, როგორც ეს მოხდა, მაგალითად ესპანეთში, როცა პარლამენტში შეთქმულება მოხდა, - მეფემ ისარგებლა თავისი ძალაუფლებით და ქვეყანა დაამშვიდა.
ისიც უნდა ითქვას, რომ ახალ წყობაზე საუბარი არ არის მარტივი საქმე. ქართველი ხალხი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ეს წყობა მიიღოს, შესაბამისად, ბაგრატიონთაგან უნდა იყოს გამორჩეული სამეფო კანდიდატი. შეიძლება იგი საგანგებოდაც აღვზარდოთ. ასე იყო უწინ, ბავშვობიდან იზრდებოდა და ტახტისთვის საგანგებოდ მზადდებოდა ის ადამიანი, რომელიც შემდეგ მეფედ უნდა კურთხეულიყო.
ყოველივე ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს ისეთი პირობები შეიქმნა, როცა ქართველი ხალხის ეს ოცნება შეიძლება განხორციელდეს. შევთხოვოთ უფალს, ყველაფერში იყოს ნება ღვთისა! ინებოს უფალმა, რომ საქართველო გაძლიერდეს, საქართველო დამშვიდდეს, საქართველო გამთლიანდეს და თუ კი ასეთი გზით მოხდება, ჩვენ მადლობას შევწირავთ უფალს...”

უწმინდესსა და უნეტარესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს

უწმინდესო და უნეტარესო გვაკურთხეთ!
ჩვენ, რეგენტთა საბჭოს, ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლების, თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს, სამთავრო და სათავადო სახლების, მონარქისტული მოძრაობა “სამეფო გვირგვინი”-ს, ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა ლიცეუმის წევრები დიდი რწმენით, სასოებით და იმედით ვეცნობით ყველა თქვენს ქადაგებას თუ ეპისტოლეს. ძალიან მნიშვნელოვანი, ზუსტი და ტევადი იყო თვენი შემაჯამებელი გამოსვლა კონფერენციაზე: “ბაგრატიონნი იცნობის...” თქვენს რეზიდენციაში სვეტიცხოველში, 2007 წლის 27ივლისს.
თქვენი სიტყვებით: “ბაგრატიონთა გვარი იყო და არის კლდე, რომელსაც ეყრდნობა ჩვენი წარსული და რომელსაც უნდა ეყრდნობოდეს ჩვენი მომავალი... მაცხოვარმა პეტრეს უწოდა კლდე და ამიტომ მე მინდა სწორედ პეტრე მოციქულის ვერცხლის ხატი მოგართვათ... მომავალი ღვთის ხელშია და მე იმედი მაქვს, რომ ბაგრატიონთა გვარი კვლავ იმეფებს საქართველოში”, -ყველამ დიდი სიხარულით და იმედით მიიღო. ჩვენ დავიწყეთ მონარქისტული კონცეფციის, რომელიც 1990 წელს ჩამოყალიბდა, დახვეწა-გამდიდრება. 7 ოქტომბერს ჩვენ კვლავ მივიღეთ თქვენგან დიდი ნუგეში. თქვენს ქადაგებაში სამების ტაძარში, თვენ როგორც ერის ბრძენმა და შორსმჭვრეტელმა სულიერმა მოძღვარმა, ურჩიეთ ქვეყანას ყველაზე მისაღები და ეროვნულ ნიადაგზე აღმოცენებული ფორმა სახელმწიფოებრიობისა კონსტიტუციური მონარქიის სახით, რომელიც უმტკივნეულოდ შეუერთდება დემოკრატიული ქვეყნის პარლამენტარიზმს. საბედნიეროდ, თქვენი და ჩვენი თვალსაზრისით ბაგრატიონთა წყვილების პირმშოების აღზრდის თაობაზე ქართული ეკლესიის წიაღში დიდ მოწონებას ღებულობს ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ დღენიადაგ ვგრძნობთ თქვენს თანადგომას და კურთხევას, ისტორიული ტრადიციის, მონარქისტული მსოფლმხედველობის აღდგენა, დამკვიდრების ურთულეს საქმეში, ჭეშმარიტად ეროვნული, დამოუკიდებელი საქართველოს ჩამოყალიბებაში.
უღრმესი პატივისცემით:
კოტე ჩოლოყაშვილი, ია ბაგრატიონ-მუხრანელი, ალექსანდრე ბაგრატიონი, ირინე ბაგრატიონი, ირაკლი ბაგრატიონი, მიხეილ ბაგრატიონი, გიორგი ბაგრატიონი, რუსუდან ბაგრატიონი, ასმათ შერვაშიძე, ჯემალ შერვაშიძე, შოთა ჩხეიძე, თენგიზ შერვაშიძე, მაია დადიანი, იური ჩიქოვანი, ზაზა ჩიქოვანი, მედეა აბაშიძე, ელენე ბარათაშვილი, გიორგი ჯაყელი, ლაშა შენგელია, ქეთევან ავალიშვილი, ნიკოლოზ ამირეჯიბი, დავით წერეთელი, გიორგი ჯაყელი... და მრავალი სხვა
2007 წ. 14ოქტომბერი

Наследование Российского Императорского Престола, Составлена под редакцией Высокопреосвящейшего Антония, Архиепископа Лос-Анжелесского и Южно – Калифорнйского. Бриджепорт. 1985 /США/ стр.74-75 8.Царское достоинство Дома Багратионов. Акт. Главы Императорского Дома 5 Декабря 1946г.
Его Королевское Высочество Инфант Дон Фернандо , Принц Баварский, запрасил меня, перед вступлением его дочери Инфаны Мерседес во брак с Князем Ираклием Георгиевичем Багратионом-Мухранским, могу ли Я, принимая во внимание факт независимости Грузии с 1918-по 1921г, как и настоящее положение ее Царской Семьи, считать, предпалагаемый брак равнородным.
Переданный через посредство Испанского посланника в Берне-графа де Байлена, Мой ответ Инфенту был положительный, ибо, после продолжительного и тщательного изучения истории Грузии и Грузинского вопроса, и испросив совета моего дяди, Е.И.Выс. Великого княза Андрея Владимеровича, брата Моего покойного родителя, моих советников, и после письменного сношения с профессором – историком М.Мускелишвили Я считаю справедливым и полезным признать царское достоинство старшей ветви Семьи Багратионов, как и право ее членов именоваться Князьями Грузинскими и титуловаться Царскими Высочествами. Главой этой семьи является ныне здравсвующий, Князь Георгий Александрович.
Если Господь Всемогуйщий, по милосердно Своему, допустит возрождение Нашей великой Империи, почитаю за благо восстановление употребления Грузинского языка, как во внутренней администрации Грузии, так и ее учебных заведениях. Русский же язык должен быть обязательным для общих сношений в пределах Империи.
Я решил составить настоящий акт для блага Росийской Империи и сохранения ее целостности в будущем, и счел полезным скрепить его Моей собственноручной подписью; дабы удовлетворить справедливые национальные чувства Грузинского народа, и в надежде таким образом избежать в будущем возможного захвата его отечества военной силой в случае его самовольного отделения от Россиской Империи.
Владимир Санлукар де Баррамеда 5-го декабря 1946г.
 
<<  1   2   >>
sakartvelos-tavadaznauroba.ge©2009 ყველა უფლება დაცულია
designed by GIORGI