ალმანახ ,,სამეფო გვირგვინის” წარდგინება

    Post 3 of 22
    ალმანახ ,,სამეფო გვირგვინის” წარდგინება

    სიყვარულის უკვდავი რგოლი

    (,,სამეფო გვირგვინის” წარდგინება)

     

    2015წ 2 ივნისს ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMATBILISI) გაიმართა საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს მიერ გამოცემული ალმანახის  – „სამეფო გვირგვინის“ – წარდგინება.  პრეზენტაცია გახსნა გამოცემის რედაქტორმა ქალბატონმა ია ბაგრატიონ-მუხრანელმა. ალმანახის მნიშვნელობაზე ისაუბრეს  მეცნიერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა – მეუფე ანანიამ (ჯაფარიძე), დავით თარხან-მოურავმა, აკადემიკოსმა ოთარ ჟორდანიამ, ვაჟა ძიგუა-რობაქიძემ, ვაჟა აბაშიძემ, ნანა ანდრონიკაშვილმა, ზურაბ რატიანმა.  გამოითქვა იმედი, რომ გამოცემა დიდ წვლილს შეიტანს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაში.

    ალმანახის გამოსვლა ისტორიულ მოვლენად შეფასდა. ცნობილია, რომ მრავალი წლის მანძილზე თავად-აზნაურთა საკრებულო გამოსცემდა გაზეთებს, ჟურნალებს, წიგნებს, რომლებიც ჩვენი საზოგადოების, ერთგული მკითხველის მიერ ქვეყნის ეროვნულ ტრიბუნად აღიქმებოდა. თავად-აზნაურთა საკრებულო აგრძელებს ტრადიციას და მკითხველს სთავაზობს ალმანახის პირველ გამოცემას. სარედაქციო კოლეგიის წევრები არიან: მეუფე ანანია (ჯაფარიძე), პროტოპრესვიტერი გიორგი (ზვიადაძე), დავით თარხან-მოურავი, ოთარ ჟორდანია, ვაჟა აბაკელია, მანანა გაბაშვილი, იური ჩიქოვანი,  მანანა ტაბიძე, მზია ჯაფარიძე ვაჟა ძიგუა -რობაქიძე, ელენე ბარათაშვილი, ცოტნე ნაკაშიძე , მეცნიერები და საზოგადო მოღვაწენი. ალმანახის გამოსვლას სიხარულით შეხვდნენ ემიგრაციაში მყოფი ბატონიშვილები და სხვა გვარიშვილები.

    პირველი გამოცემა მრავალმხრივი და საინტერესოა. იგი აერთიანებს სტატიებს ხელოვნებისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგის შესახებ, განხილულია ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი საჭირბოროტო საკითხი, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართული მონარქიის თავისებურებებს, ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ქართული გვარების ეთნოგენეზისს, გაგვაცნობს ქართველთა მიერ მსოფლიო ცივილიზაციაში შეტანილ წვლილს, პატივს მიაგებს ჩვენს გმირ წინაპართა ხსოვნას.

    „გვირგვინი უფლის ერთ-ერთი სიმბოლოა, გვირგვინი მზის შარავანდედია, ეკლესიის თავი, გვირგვინი – სიყვარულის უკვდავი რგოლია, გვირგვინი – ჩვენი წინაპრების ნიჭის გამოვლინებაა, ქართული ჭერის, ქართული დარბაზის ფორმა და იდეა“, – აცხადებს ჟურნალის რედაქტორი და გამოთქვამს იმედს, რომ „სამეფო გვირგვინი“ იქნება ძლიერი საწყისი ჩვენი ერის გაერთიანებისა და გამთლიანებისა.

     

    ნინო მარკოზია,  თინათინ გავაშელი